საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. მისივე განმარტებით, აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში – „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“.
“ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეურთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ”, – განაცხადა მიქელაძემ.
ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.
ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ.
ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
ანა მიქელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც – ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება არაუგვიანეს 21 სექტემბერისა.
“იმისათვის რომ, კანონმდებლობით უფლებამოსილ თოთოეულ მოქალაქეს ჰქონდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:
აღნიშნულ მოქალაქეებს ცესკო შეახსენებს, რომ ისინი 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ სააგენტოში (იუსტიციის სახლებში) და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, – კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სააგენტოში”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
წყარო: ინტერპრესნიუსი