თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს რომ “ობიექტურად” დააკვირდეს არჩევნებს, ეკუთვნის “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ დაკავშირებულ პირს, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე დღეა “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლური გეგმები აშკარავდება.
“მხილება #1 იყო გუშინწინ, როცა ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა გამოააშკარავეს 32 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ე.წ. ობიექტური დამკვირვებლების ეგიდით უნდა დაკვირვებოდნენ არჩევნებს, დასკვნები გაეკეთებინათ, შეექმნათ საერთაშორისო სივრცეში გარკვეული აზრი, ეს სქემა იქნა მხილებული”, – განაცხადა მდინარაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დათქმას პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს. მდინარაძის თქმით, ის ამ დათქმას, ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე უერთდება.