ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

780

„საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებს. 10 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი მოპირკეთდება ბეტონით; აღდგება სათავე ნაგებობისა და წყალაღების კვანძი; მაგისტრალური არხის საპროექტო კვეთი; არსებული წყალგამყოფი და წყალგამტარი ნაგებობები; საკარმიდამო ნაკვეთებში მოეწყობა გამანაწილებელი ქსელი.

უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 1100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 754 998 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.