პარტია „პროგრესული საქართველოს” გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე მის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა.
როგორც კვაბზირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უცხო პირი დაემუქრა და ჰაერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის ოფისიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. პარტიის ლიდერის თქმით, უცნობმა პირმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა.
„მესმის ხმა – „პოლიტიკის შეეშვი ბიჭო“ და ამის შემდეგ იყო გასროლის ხმა. არ ვაპირებ, რომ პოლიტიკას შევეშვა, არც ჩემი გუნდი აპირებს და ჩვენ ამ საქმეში ვიტყვით ჩვენს სათქმელს“, – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.
ადვოკატი კახაბერ მუმლაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობად აფასებს.
„პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის მიმართ განხორციელდა მისი დაშინების მცდელობა, რაც მიუღებელია მით უმეტეს, არსებულ მოცემულობაში. ეს იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა“, – განაცხადა ადვოკატმა.