თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში გამარჯვებული, ვინც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი დაახლოებით 35 მილიონი ლარი ჯდება და ორი წლის განმავლობაში მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული.
„ქალაქს კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე შეემატება, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, სადაც ყველა ადამიანს, არამხოლოდ თემქის მოსახლეობას, არამხოლოდ ნაძალადევის მოსახლეობად, მთელი ქალაქის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტით ისარგებლოს. ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენს მიდგომაზე და დამოკიდებულებაზე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი თბილისი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები, ჩვენთვის ყველა უბანს, ყველა ქუჩას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყველაფერს ვაკეთებთ და ბიუჯეტის გადანაწილება ხდება თანაბრად“, – განაცხადა კახა კალაძემ.