ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.
პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ტექნოპარკის გახსნაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
„ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთავრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები. იცით, რომ ახლახან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა აიტი კომპანიებს, რაც ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს. შედეგად, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი აიტი კომპანიები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ. ასე რომ, საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტექნოპარკების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ცოდნის ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.