გორის მერი: ბაზრის ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“ გვაჩუქა – მისი ღირებულება 1 550 000 ლარია

979

გორის ძველი ბაზრის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ფონდმა “ქართუმ” კერძო მესაკუთრისგან აღნიშნული ტერიტორია 1 550 000 ლარად გამოისყიდა.

“მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ძველი ბაზრის ტერიტორია უკვე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის ფონდმა „ქართუმ“ გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების შესახებ შეთანხმებას მე და ფონდი „ქართუ“-ს გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოვაწერეთ ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული ზონის მოწყობა. საჩუქრის ღირებულება 1 550 000 ლარია. მისი ფართობი 21 813 კვადრატული მეტრია”, – წერს თავზარაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილმა, 26 ოქტომბერს უფლისციხეში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომ გორის ბაზრის ყოფილი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა კერძო მფლობელისგან გამოისყიდა და მუნიციპალიტეტს გადასცა, სადაც დასასვენებელი სივრცე და რეკრეაციული ზონა მოეწყობა.