ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გორის ცენტრში მდებარე ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში გადადიოდა ხელიდან ხელში ისე, რომ არ განხორციელებულა ინვესტიცია. ჩვენ, დღეს გორელებს და არა მხოლოდ გორელებს გვაქვს საშუალება ვაცნობოთ და სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე და პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ნაგავსაყრელად იყო ქცეული ეს ტერიტორია. მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით მოხდა შესაძლებელი ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა, თანამედროვე დასასვენებელი პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა, როგორიც არის ახალგაზრდული ცენტრი.
ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი, არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ” ქართუ” ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის მიდგომას და მის ხელწერას, როგორიც არის დამოკიდებულება კერძო, სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუციების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ღვაწლი, განსაკუთრებული მიდგომა, რომელიც ცხადყოფს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღენიადაგ აგროვებს მისხალ – მისხალ იმ მიწებს, იმ ტერიტორიას, რომლეიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩუქნის სახელმწიფოს და შემდგომ მას ასევე ავითარებს, როგორც ჩვენს შემთხვევაში არის”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.