სამტრედიის სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელი: ჟორჟოლიანი არ შემხვდა, თორე კარგ დღეში ჩავაგდებდი, გინებით გავისტუმრებდი

493

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელი, სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა შეურაცხყოფას ჟორჟოლიანს, პარტიის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს აყენებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

მერის წარმომადგენელი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ არ აინტერესებს რას გაავრცელებენ მასზე, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ენმ-ს უჭერს მხარს არარაობაა.

“რაც უნდა ის გაავრცელოს ვაფშე არ მიანტერესებს არც ნანუკა და არცერთი ნაციონალი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს ჩემთვის ისინი არარაობაა. მაგენი არიან ქართველი ხალხის მოძულეები, ქვეყნის მოძულეები და ყველაფერი ცუდი… არ მაინტერესებს, არ მაქვს თქვენთან არაფერი სალაპარაკო.

მე არ შემხვდა თორე კარგ დღეში ჩავაგდებდი. როგორც ჩემ სოფელში შემოვიდა და გააგდეს და გინებით გაისტუმრეს ისე გავისტუმრები მეც, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ქართველი ხალხი მიყვარს, ვინც საღად აზროვნებს, თორე ვიღაც ერთუჯრედიანი, კაცის მკვლელბი მოსწონს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ ისინი და არც მადარდებს, თუ გინდა გამოაქვეყნე ჩემი საუბარი”, – ამბობს სოფოკო კიკაჩეიშვილი.

მერის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ის საკუთარ საქმეს პირნათლად ასრულებს, ამის დასამოწმებლად კი “მთავარ არხს” ეუბნება, რომ მასთან სოფელში ჩავიდნენ და იკითხონ, თუ ვინაა ის და ვინ ნანუკა ჟორჟოლიანი. კიკალეიშვილი პორბლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი მუქარის, ძალადობისა და შეურაცხმყოფის შემცველ მესიჯებს ავრცელებს და ამბობს, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.

“თქვენ ხართ კაცის მკვლელები, ქართველი ხალხი თქვენ არ გიყვართ და ქვეყანა არ გიყვართ. მიშა სააკაშვილის მიმდევარი როგორ შეიძლება ნორმალური იყოს”, – უთხრა სოფიკო კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ მერის წარმომადგენელმა მაჟორიტარობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს აგინა და დაემუქრა. შესაბამისი კომენტარი ჟორჟოლიანმა საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.

“მთავარი არხი” სამტრედიის მერს, ვალერიან ფოცხვერიას, დაუკავშირდა, რომელმაც მათთან საუბარში დაადასტურა, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილი სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელია. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ თუ კომენტარი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.