TI: 31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს

355

შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს., – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ცესკო-მ სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადა, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივა, რაც მისასალმებელია, თუმცა ამომრჩევლები რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს.

ჩვენმა ორგანიზაციამ ცესკო-ს შესაბამისი დადგენილება მისი მიღების დღიდან რამდენიმე პრობლების გამო გააკრიტიკა (bit.ly/3kxGCZl). პირველ რიგში, სწორედ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის რეგისტრაციის ვადის სიმცირის გამო, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოცემული ვადა – 24-26 ოქტომბერი, დასარეგისტრირებლად საკმარისი არ იქნებოდა ამომრჩევლებისათვის.

ამასთანავე, პრაქტიკაში ფიქსირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა:
ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია; თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;

ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს.

ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანები გვატყობინებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული.

შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს.

მიგვაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება, ისე რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ასევე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ საკარანტინე ზონებში და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა. ასევე ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძებელია რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს.

აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან რეგისტრაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ცესკოს დღეს, 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე. ნომერზე: +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალურად ისარგებლონ ამ შესაძლებლობით”, – ნათქვამია განცხადებაში.