აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებისას შესაძლო კანონდარღვევის შესწავლა უკვე დაწყვებულია და უწყებაში 12 ადამიანი გასაუბრების მიზნით დაიბარეს კიდეც, თუმცა, მხოლოდ 2 გამოცხადდა. სავარაუდოდ, საუბარია ცენტრ დოსიეს გამოძიებაზე.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო მპგ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ. ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან შემომწირველი პირების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოწვეულ იქნა 12 პირი, თუმცა შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, დღევანდელი მდგომარეობით, გამოცხადდა მხოლოდ 2 შემომწირველი”, — აცხადებენ უწყებაში.
მათივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებას პატრიოტთა ალიანსის დანარჩენი შემომწირველების ფინანსების შესწავლის მიზნით.
საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ დოსიე, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა.
24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.
31 აგვისტოს კი პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული “კონტრარგუმენტები”, ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.