“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ბათუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა. ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი” არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს.
„ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით, რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში. როგორც იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სწორედ ასე საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელ საქართველოს და ქართულ ეკონომიკას. ასე საათის მექანიზმივით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. სწორედ, ასე ავაწყობთ სოციალურად სამართლიან ქვეყანას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ყურადღება სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან. აი, ასეთი გუნდი გვინდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. 31 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევნები, სადაც წყდება არა ჩვენი ქვეყნის შემდგომი 4 წლის ბედი, არამედ შემდგომი ათეული წლების ბედი – განვითარება ან ჭაობი. მარტივი არჩევანია – საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის” სახით ხელისუფლებაში, ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნების” სახით და რაც უმთავრესია, საქართველო, რომელიც იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას ან ქვეყანა, სადაც მუდმივი გაჭირვება და შიმშილია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან მხარდამჭერებს აჭარის გუნდი წარუდგინა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში „სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით იბრძოლებს.
„პირველი ნომერია: ბექა დიასამიძე – ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელმაც 2016 წელს, როცა მე დამოუკიდებლად გავაკეთე პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯზე განაცხადი, პირველივე დღეს „ფეისბუქის“ მეშვეობით შემეხმიანა და მითხრა -„გიორგი მინდა თქვენს გვედით დავდგე, იმიტომ რომ მჯერა იმ ახალი თაობის ენერგიის, რომელსაც თქვენ აკონსოლიდირებს თქვენს გარშემო“. დიდი მადლობა ბექას , რომელიც არის ჩვენი სიის პირველი ნომერი აჭარაში და რაც ყველაზე მთავარია, არის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. ბექას GIPA-ში აქვს მიღებული განათლება, საჯარო მმართველობის კუთხით და არაერთი წარმატებული პროექტი აქვს რეალიზებული”, – განაცხადა ვაშაძემ.
პარტიის სია ასეთია: 1. ბექა დიასამიძე 2. ზურა ბმახარაძე 3. ბადრი მუმლაძე 4. რუსუდან ფუტკარაძე 5. გიზო გორგილაძე 6. ელზა დავითაძე 7. ავთანდილ ქარცივაძე 8. ასლან ქამადაძე 9. დავით ბერიძე 10. ჯონი საგინაძე
„ეს არის აჭარის „საქმის მკეთებელთა” გუნდი, გუნდი რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს. „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის განსხვავება ყველა სხვა გუნდისგან არის ის, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და მზად ვართ ამ უმძიმეს ვითარებაში, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი სამშობლო წინ წაიყვანოთ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ყველა გეგმა და სტრატეგია, რისი რეალიზებაც ქვეყანაში გვინდა, მაგრამ გულწრფელად გთხოვთ, პირველ რიგში, თქვენს მხარდაჭერას. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ქვეყანაში აღმშენებლობას ვერ დავიწყებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.