ხობში სახელმწიფოს მხარდაჭერით ცხოველის, ფრინველის, თევზის და ლოკოკინის კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, რომლის წარმადობა საათში 3,5 ტონას შეადგენს, საქართველოში პირველად, ლოკოკინის საკვების წარმოება მოხდება.
მათივე ცნობით, წარმოებული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. კომბინირებული საკვების საწარმოში კი 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„მეცხოველეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საკვებწარმოება. ქვეყანაში ამოქმედდა კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც, გარკვეულწილად, იმპორტს ჩაანაცვლებს “, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
“პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, „სოფლის განვითარების სააგენტოს“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ბანკი „ქართუსა“ და „ბაზისბანკის“ ჩართულობით განხორციელდა. ჯამური ინვესტიცია – 8 მილიონ ლარი”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.