თელავის მუნიციპალიტეტის მერია დანგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას არ გეგმავს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განმარტავს, რომ “თუ ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ან ძეგლის მესაკუთრის დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უშუალოდ, ან მესამე პირთა მეშვეობით, ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები”.
კანონში არსებული მკაფიო ჩანაწერის მიუხედავად, თელავში, ზაირა კიკვიძის სახელობის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მაინც ინგრევა.
სახლი, ქისტ განმანათლებელ, მათე ალბუთაშვილსა და მის შთამომავალს, 9 აპრილს დაღუპულ გმირს, ზაირა კიკვიძეს ეკუთვნოდა.
9 აპრილს გარდაცვლილი კიკვიძე, მათე ალბუთაშვილის შვილიშვილის, ალექსანდრე ალბუთაშვილის მეუღლე, ტიციან ტაბიძის დისშვილი და ისტორიკოს აბელ კიკვიძის ქალიშვილი იყო.
ახლა უკვე ნახევრად ჩამონგრეულ შენობაში, “ქისტი ჩობანის” ფსევდონიმით ცნობილი, მათე ალბუთაშვილი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდა. შენობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მას, 1958 წლის, თელავის პირველი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მიენიჭა.
საუკუნეზე მეტი ხნის ნაგებობა, იურიდიულად და ფაქტობრივად, კერძო პირს ეკუთვნის. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, ის რამდენჯერმე გაიყიდა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა თელავის სადროშოს მეთაური, გოგიტა ტალიური, შენობის ამჟამინდელი და ჯერჯერობით, ბოლო მფლობელია.
რადიო ჰერეთთან საუბარში, მესაკუთრემ განაცხადა, რომ შენობა ეზოს გაფართოების მიზნით შეიძინა.
“მე დაინტერესებული ვიყავი ეზოს გაფართოებით. შენობისთვის პროექტი გავაკეთებინე, სადღაც 800 ლარამდე თანხა გადავიხადე, მაგრამ არ მიმტკიცებენ. სახლი ჩამონგრეული და სავალალო მდგომარეობაშია. ვერც თვითონ აკეთებენ, დიდი თანხა უნდაო, არც მე მაძლევენ ამის საშუალებას. რაღაც პერიოდი, მხოლოდ გადახურვაზე იყო საუბარი და იმის იმედიც აღარ მაქვს”, – განაცხადა ტალიურმა რადიო ჰერეთთან.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებაში დაადასტურეს, რომ ტალიურმა პროექტი მართლაც წარადგინა, მაგრამ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამებოდა.
მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე, ლიკა მებონია ამბობს, რომ პროექტს შესაბამისი დასკვნები არ ჰქონდა და შენობის მესაკუთრეების საკითხიც გასარკვევია.
“პროექტი, რომელიც მესაკუთრემ წარმოადგინა, არ შეესაბამება სტანდარტს. ეს არის დაქირავებული არქიტექტორის მიერ, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისათვის შესრულებული ნახაზი. გარდა ამისა, ვერ ხერხდება ამ სახლის ყველა მესაკუთრის დადგენა. შენობა მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა, თუმცა საჭირო თანხები, ამ ეტაპზე, ჩვენ არ გაგვაჩნია”, – განაცხადა მებონიამ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი, წლებია, თელავის ისტორიას სწავლობს.
ისტორიკოსი ამბობს, რომ დანგრევის პირას მყოფ ძეგლს, კანონით მასზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა მიხედოს.
“მე ვთვლი, რომ ამ სახლს, სწორედ მან უნდა უპატრონოს, ვისაც კანონით ევალება მისი მიხედვა. ის უნიკალურია, არამხოლოდ იმიტომ, რომ წარსულისა და თანამედროვეობის ბუნებრივი ნაზავია, არამედ იმის გამოც, რომ ის თელავის ისტორიის განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს. ალბუთაშვილის სახლი მდებარეობს უძველეს ქუჩაზე, მეექვსე საუკუნის ძეგლთან, ღვთაებასთან, ახლოს. თავად ქუჩა, მართლაც რომ უნიკალური და ლეგენდებით სავსეა. ჩვენ ვაპირებთ, ეს სახლი ჩავსვათ ტურისტულ მარშრუტში, როგორც ისტორიის საუკეთესო ნაწილი. ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი აღდგენა”, – განაცხადა სიმაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ალბუთაშვილის სახლის აღდგენა, არ იგეგმება.
“თელავში, 200-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც კერძო მესაკუთრე ჰყავს. გვაქვს შემთხვევები, როცა ვშუამდგომლობთ, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ სახლთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა არ არის, აღდგენა არ იგეგმება და არც მესამე პირი გვიძებნია”, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.
როდის შეძლებს მუნიციპალიტეტი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას და დანგრევის პირას მყოფი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენას, ჯერ გაურკვეველია.
სახლში, რომელიც დანგრევის პირასაა, ვაჟა-ფშაველასა და იაკობ გოგებაშვილის საუკეთესო მეგობარი, ქართული პრესის პირველი ქისტი თანამშრომელი, პანკისის ხეობის შესახებ, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევების ავტორი, მათე ალბუთაშვილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.