რუსთავში, კომპანია „ჯეოსთილმა“ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მოკლევადიანი გეგმა წარადგინა.
„ჯეოსთილმა“ გეგმის პრეზენტაცია ლომოურის ქუჩაზე, ქალაქის მიმართ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში მოწყობილი საბავშვო მულტიფუნქციური სივრცისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე გამართა. ამავე კამპანიის ფარგლებში, კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დასუფთავების სამუშაოებისთვის საჩუქრად თვითმცლელი სპეცმანქანა გადასცა.
ღონისძიებას სამოქალაქო აქტივისტები მოძრაობიდან – „გავიგუდეთ“, მწვანე პროექტიდან – „ჩაერთე“, ასევ „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, „ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორი საჯივ ბალაკრიშნა დაესწრო.
„ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორის განცახდებით, კომპანიამ რუსთავის ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, უკვე შეიძინა დანადგარები, რომლსაც უახლოეს პერიოდში საწარმოში დაამონტაჟებს.
„ჯეოსთილი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთო, ლომოურის ქუჩაზე უკვე დასრულდა ბავშვთა სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობა, ახალი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი კუთხე კეთდება ჭყონდიდელის დასახლებაშიც“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ჯეოსთილის“ გენერალურმა დირექტორმა საჯივ ბალაკრიშნამ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, კომპანია „ჯეოსთილი” იმ საწარმოებს შორისაა, რომელიც ბოლო წლებში რუსთაველების ყურადღების ცენტრში ჰაერის დაბინძურების გამო მოექცა. საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე კი მან აქცენტი, სწორედ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე გააკეთა.
,,რუსთავში კომპანია „ჯეოსთილმა“ ჰაერის დაბინძურების შემცირების მოკლევადიანი გეგმა წარმოადგინა და სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითიც გვიჩვენა, რომლის ფარგლებშიც, მათი სახსრებითა და საზოგადოება „რუსთაველების“ ხელშეწყობით, ლომოურის ქუჩაზე საბავშვო მულტიფუნქციური სივრცე და სტადიონი აშენდა. საბავშვო მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს ჭყონდიდელის დასახლებაში N6 სკოლისა და N40 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზეც. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, საწარმო ეტაპობრივად, 2021 წლის პირველ კვარტალში, დაამონტაჟებს თანამედროვე სავენტილაციო სისტემას, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევის მოცულობას. “,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტივისტის გივი შანიძის, განცხადებით, “ჯეოსთილის” მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას, სამოქალაქო აქტივისტები აქტიურ მონიტორინგს გაუწევენ.
ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში, „ჯეოსთილთან“ ერთად, რუსთავში მოქმედი კიდევ ორი საწარმო ჩაერთო. კამპანიის ფარგლებში, “რუსელოისი” მშენებლთა ქუჩაზე ახალ სტადიონს აშენებს, ხოლო “ნიკა 2004”, მე-15, მე-17 და მე-19 მიკრორაიონებში 1000 ძირ ხეს დარგავს.