თბილისი – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისტანციური შეფასების მესამე ფაზას იწყებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ NDI დააკვირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები და კამპანიის გარემო, მედია და დეზინფორმაცია და გენდერი და ინკლუზიურობა. ინსტიტუტი საარჩევნო პროცესებზე კორონავირუსის გავლენასაც შეისწავლის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
აღნიშნული ანგარიში დაეფუძნება NDI-ის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშს (Georgia Election Watch) და გრძელვადიანი ანალიტიკოსების საქმიანობას, რომლებიც საარჩევნო გარემოს სექტემბრის შუა რიცხვებიდან აკვირდებიან. ამ მომენტისთვის, მათ სხვადასხვა მხარეებთან უკვე 200 შეხვედრა გამართეს. ამას გარდა, ოქტომბრის დასაწყისში NDI-მ ორი საარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის გარემოს, საინფორმაციო სივრცესა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას ეხებოდა.
არჩევნების დისტანციური შეფასების ჯგუფს ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უიტმანი, NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი და არჩევნების პროგრამების დირექტორი სარა კუპერი უხელმძღვანელებენ. დისტანციურ შემფასებელთა ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდება.
NDI-ის საერთაშორისო დისტანციური შემფასებელი მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.