“თავმჯდომარეს ყანა ჰქონდა მოსატეხი და კომისიის წევრები ეხმარებოდნენ” – რატომ დაიკეტა ოზურგეთში საარჩევნო უბანი

474

იმყოფებოდა თუ არა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხიდმაღალის საარჩევნო უბნის კომისიის წევრი მართა მჟავანაძე კანონის სრული დაცვით ტუალეტში – ამ საკითხს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია (ცესკოს დადგენილებით გურიაში ოზურგეთი არის წარმართავი ოლქი) 4 დღის განმავლობაში იძიებდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე თვის 10 ოქტომბერს, აღნიშნულ უბანზე „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ წარმომადგენელი გურიაში, გივი ცინცაძე იმყოფებოდა, რომელსაც კომისია სამუშაო საათებში დაკეტილი დახვდა. მანაც საჩივრით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და მათგან ამ კომისიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ხსენებული უბნის წარმომადგენლებს.

ბერდია ლომიძემ გამოიკვლია, რომ კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ქერეჯოღლი განთავისუფლებული იყო აღნიშნულ დღეს ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ბისიეშვილის მიერ, მისი მოადგილე კი დღის მეორე ნახევარში შეუძლოდ გახდა და უბნის დატოვება მოუწია.

საპატიო მიზეზით განთავისუფლებული იყო ასევე ამ კომისიის მდივანი ნანა ბერიძე, ხოლო კომისიის მოვალეობას კომისიის წევრი მართა მჟავანაძე ასრულებდა.

თუმცა, ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ გამოიკვლია, რომ გივი ცინცაძის იქ მისვლისას, უბნის დაკეტვის მიზეზი მართა მჟავანაძის საპირფარეშოში გასვლა გახდა.

მოკლედ ბერდია ლომიძემ დაასკვნა, რომ მართა მჟავანაძის ტუალეტში ყოფნა იყო სრულიად კანონიერი. აქედან გამომდინარე, მან ვერ აღმოაჩინა კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობა, რის გამოც გივი ცინცაძის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა.

მთავარი არგუმენტი კი ის გახლდათ, რომ კომისიის თავმჯდომარეს „ყანა ქონდა მოსატეხი“ და დანარჩენი კომისიის წევრები მას ეხმარებოდნენ.