გალში, სკოლები 24 ნოემბრამდე დაიხურა. როგორც “ევროპათაიმს” ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.
“სკოლები 15 ოქტომბრიდან დაიკეტა. ჯერჯერობით, არანაირი დისტანციურ სწავლებაზე არ არის საუბარი, თუმცა რომც იყოს, აქ ამის რესურსი არ არის. არც შესაბამისი ტექნიკითაა მოსწავლეები აღჭურვილი და ვერც ადგილობრივი ინტერნეტი ვერ გაქაჩავს მსგავს ჩართვებს. 24-მდეა დაკეტილი, თუმცა თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდა, ალბათ კიდევ გადაიდება. მოსწავლეებს ეს სემესტრი ფაქტობრივად ეკარგებათ”, – განუცხადა “ევროპათაიმს” სკოლის მასწავლებელმა.
დეფაქტო მთავრობა, სწავლების დისტანციურ მეთოდზე, ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა მშობლები, „ევროპათაიმთან“ მის სირთულეებზე საუბრობენ.
„კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო სკოლები დაიკეტა. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან და ახლა იძულებითი არდადეგები აქვთ. დისტანციური სწავლება, როგორც ეს დანარჩენ საქართველოშია, აქ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. პირველი – აქ მხოლოდ რამდენიმე ბავშვს აქვს კომპიუტერი, მეორე – ძალიან ცუდად ხდება ელექტრომომარაგება, განსაკუთრებით ზამთარში, რაც ონლაინსწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მესამე – ძალიან ცუდი ინტერნეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ფაქტობრივად ვერ მოისმენენ გაკვეთილს უწყვეტად, გაუჭირდებათ შინაარსის გამოტანა, და მეოთხე, რაც ვფიქრობ, არანაკლებ მნიშნელოვანი პრობლემაა, ბავშვების ტექნიკასთან მიჯაჭულობა. დღეს, როცა მსოფლიო ამ გამოწვევის წინაშე დგას და ბავშვები ისედაც ტექნიკადამოკიდებულები არიან, ონლაინსწავლება, ამას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების თანატოლებთან ურთიერთბის საკითხი, მათ ჭირდებათ კლასელებთან და მეგობრებთან ელემენტარული ურთიერთობა. იმედი გვაქვს, მსოფლიო მალე გაუმკლავდება ამ პრობლემას და ჩვენც მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. ჩვენ აქ ისედაც რთულ პირობებში გვიწევს სწავლა სკოლაშიც კი“, – განუცხადა „ევროპათაიმს“ ერთ-ერთმა მშობელმა.
სწავლის შეწყვეტა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგდებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ.
„ერვოპათაიმს“ ერთ-ერთი მათგანი უყვება, რომ ახლა მხოლოდ მასწავლებლების გულისხმიერების იმედზე არიან, რადგან ისინი დაპირდნენ დახმარებას.
„წინა წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, შიში გვაქვს რომ სწავლა შესაძლოა, ამ წელს ვერც განახლდეს. დისტანციურად სწავლა ვერ მოხერხდება ალბათ მასიურად, თუმცა მასწავლებლები გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ დამამთავრებელი კლასი ვართ და წინ დიდი გამოცდა გველოდება, შესაბამისად, წლის ჩავარდნა ჩვენთვის განსაკუთრების დიდი პრობლემაა“, – აცხადებს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე.
ცნობისთვის, გალის რაიონის, ომამდელ საზღვრებში, ამ ეტაპზე 30 სკოლაა. სწავლა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს განახლდა. საწყის ეტაპზე, ვირუსის დაფიქსირების გამო, სოფელ საბერიოს სკოლა დაიკეტა.