გახარია: ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს

283

ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია იცვლება და ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, პანიკის საფუძვლები არ არსებობს.

„შემთხვევების მატება რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი დისციპლინის დაცვა – პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძვლები „ვაი პოლიტიკოსების“ და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს. ეს ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა: „ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი“.