„მრავალეროვანმა საქართველომ“ მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

407

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია წინასაარჩევნო პროცესები, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე.

სამოქალაქო მოძრაობის ცნობით, „მრავალეროვანი საქართველო“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვებას, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საქართველოს რეგიონებში. სადამკვირვებლო არეალი მოიცავს თბილისს და საქართველოს რეგიონებს სამცხე-ჯავახეთს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლსა და კახეთს.

მათივე ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია მიზნად ისახავს, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას, ამასთანავე, ეთნიკურ უმცირესობათა ნდობის გაღრმავებას პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ.

ამასთან, მონიტორინგის განსახორციელებლად, ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, საარჩევნო აქტივობებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდნენ სხვადასხვა გზით, მათ შორის: მასმედიის საშუალებით; საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და მათი ვებ-გვერდებიდან; სოციალური ქსელებიდან; როგორც კანდიდატებისგან, ისე პოლიტიკური პარტიებისგან და მათი აქტივისტებისგან; არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, ასევე მოქალაქეებისგან და საჯარო შეხვედრებიდან.

ანგარიშში დაწვრილებით და დეტალურადაა აღწერილი 15 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაფიქსირებული: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 8, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და აგიტაციის წესების დარღვევის – 8, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის 5, საარჩევნო პლაკატების დაზიანების მრავალი, საარჩევნო ბანერის დაზიანების – 2, მუქარის – 4, ფიზიკური ანგარიშსწორების 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 1, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების სავარაუდოდ უკანონოდ შეგროვების – 2, მედიისათვის საქმიანობაში ხელშეშლის – 4 ფაქტი.

ამასთანავე, გამოვლენილია სიძულვილის ენის შემცველი – 1, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა შორის შუღლის გაღვივების და დაპირისპირების გამომწვევი და წამახალისებელი შინაარსის – 4 საჯარო განცხადება.