15 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე, სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ა(ა)იპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმსჯელეს, ასევე გაიმართა ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც DMO–ს აღმასრულებელი დირექტორი, დავით მუმლაძე ამბობს, შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორს, ორგანიზაციის მთავარი მიზნები და ამოცანები გააცნეს, გარდა ამისა შედგა ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია და განხილვა.
„ასევე მოვიწვიეთ კერძო სექტორი, რათა შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რადგან ჩვენი ყველა შემდგომი ნაბიჯი რეგიონში ტურიზმის განვითარებით ერთად გადავდგათ. ასევე ჩვენ მივიღეთ აშშ–ს საელჩოს პროგრამის გრანტი, აღნიშნული თანხით, იგეგმება ჩვენს რეგიონში ტურისტული ბილიკების მარკირება, სავარაუდოდ ეს ყველაფერი გაზაფხულისთვის უკვე დასრულებული იქნება“, – ამბობს დავით მუმლაძე.
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ეკატერინე ორჯონიკიძე ამბობს, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების ასეთ ფორმატში შეხვედრა აუცილებელია.
„კოვოდპირობების მიუხედავად, ვთვლი რომ საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი DMO-მ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იყოს ძალიან კარგი კოორდინაცია და სწორი ბმა როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუციებს, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორს შორის, იმიტომ რომ ეს დიდი ჯაჭვი, ვფიქრობ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. სტრატეგიული გეგმა იქნება ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლითაც იხელმძღვანელებს DMO და ვფიქრობ მოკლე პერიოდში უკვე დადებს შედეგებს“.
გიდის, გიორგი ბერიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ტურიზმის თვალსაზრისით ჩავარდა, ნაყოფიერი იყო თეორიული საკითხების დამუშავებისთვის, შედეგად მომავალ წელს რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უფრო მეტად მომზადებული შეხვდება.
„ამ შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა ის იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ტურიზმის მიმართულებით და მუშაობს დამოუკიდებლად და მარტო მუშაობის პირობებში პრობლემებიც მეტია. მაგალითად, გვაქვს ძალიან ბევრი კარგი სასტუმრო, ფოლკლორული წრეები, არიან ძალიან კარგი გიდები, ტუროპერატორები, რომელთა ერთობლივი თავმოყრა და ერთად განხილვა ტურისტული მიმართულებების, უფრო შედეგიანად აისახება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, ანუ ერთიანი ტურისტული ფრონტი შეიქმნება. გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია და ველოდებით ძალიან კარგ შედეგებს“.
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა და მას სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს.