ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯაბა შაინიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადასცა, თუმცა, პირობა დაარღვია. მისი თქმით, 220 ოჯახს დაუსრულებელი ბინა გადასცეს, რასაც წაბლანაში მცხოვრებლები აპროტესტებენ.
“1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ ბინა სამი წლის წინ გადმოგვცა, იმ პირობით, რომ „თეთრი კარკასი“ ჩაგვბარდებოდა. სამწუხაროდ მშენებლობა გაჩერდა და არავინ აპირებს პირობის შესრულებას. გადმოგვცეს დაუსრულებელი ბინები, რისი რემონტის და მოწესრიგების საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა სახელმწიფოს ვითხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ. ასეთ მდგომარეობაშია 220 ოჯახი”,- აცხადებს ჯაბა შაინიძე.