ხატია დეკანოიძე: მმართველი გუნდი ფიქრობს, თუ როგორ მოწყვიტოს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს

368

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტურ სწავლაზე გადასვლის გადაწყვეტილებას ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებს.

როგორც ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი ფიქრობს თუ როგორ მოწყვიტოს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს.

„ერთი მაგალითი თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არსებულ ეპიდსიტუაციას არის მაგალითად ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტურ სწავლაზე უნდა დაბრუნდნენ სტუდენტები. ამას აქვს მხოლოდ ერთი ახსნა და ეს ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში, ვინც აქამდე დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და ვერ მისცენ ხმა რეგიონში. ვინაიდან თბილისში რამდენიმე დღით ადრე ჩამოსული სტუდენტისთვის ძალიან რთული იქნება გადაადგილება გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც ქვეყანაშია.

ეს გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს დიახ, არ ადარდებს ადამიანების ბედი, მათ შორის რისკჯგუფის ბედი, ჩვენ ვიცით რომ პროფესორ-მასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილი რისკ ჯგუფებშია. არ ადარდებთ ადამიანები, იმიტომ რომ ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოწყვიტონ ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს, როგორ გამოიყენონ ეს სიტუაცია საკუთარი კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე კრიზისს ვერ გაუმკლავდება.

„ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება არსებულ კრიზისს. ეს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება ჯანდაცვის და ეკონომიკის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს და მოვიდეს გუნდი, ის პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ქვეყანას არსებული კრიზისიდან გამოიყვანენ“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.