ბათუმში, გზის მოწესრიგების მოთხოვნით, აქცია კიდევ ერთხელ გაიმართა

349

2-ჯერ გამართული საპროტესტო აქცია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით. ლევან გოთუას პირველი ჩიხის მცხოვრებლებმა, აღნიშნულით, ქალაქის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, რეალობა კვლავ უცვლელია. სურთ, სანიაღვრე არხსების მოწესრიგებაც. აქვთ გარეგანათების პრობლემაც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

პირველი საპროტესტო აქცია ბათუმში, ლევან გოთუას პირველი ჩიხის მცხოვრებლებმა გუშინ გამართეს. ისინი გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვდნენ. მათ გადაადგილების პრობლემა წლებია აქვთ. ყვებიან, რომ უამინდობისას წყალი სახლებამდე აღწევს.

გუშინდელმა საპროტესტო აქციამ, რომ შედეგი ვერ გამოიღო, ადგილობრივები, დღეს, ქალაქის მერიის წინ, უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. განმარტეს, რომ მიუხედავად, მრავალი მიმართვისა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და დაპირება დაპირებად დარჩა.

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ წვიმის შედეგად ატალახებული გზის გავლა განსაკუთრებით პატარებს უჭირთ. მათივე განმარტებით, ბავშვები სათამაშოდ გარეთ საერთოდ არ გაჰყავთ.

შეკრებილებს, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი შეხვდა. სულხან ევგენიძე, ტრადიციულად დაპირებით შემოიფარგლა. როგორც განმარტა, სანიაღვრეების მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ევგენიძის მტკიცებით, პროცესი წლის ბოლოს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ კი გოთუას ქუჩაზე მცხოვრების მოთხოვნები უახლოეს პერიოდში არ შესრულდება, ადგილობრივები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.