კანდელაკი: თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო იმისა, რატომაა “ქართული ოცნება” ჩაფლავებული, ეს პირველ რიგში არის ქალაქი წყალტუბო

595

თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო იმისა, რატომაა “ქართული ოცნება” ჩაფლავებული, ეს პირველ რიგში არის ქალაქი წყალტუბო,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

კანდელაკის თქმით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს რეაბილიტაციის ვალდებულება აიღო. როგორც კანდელაკი აცხადებს, წყალტუბოში არაფერი გაკეთებულა.

“გავიდა ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა 2019 წლის ოქტომბერში, სადაც მაინც აიღო ვალდებულება, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სანატორიუმს და 9 აბაზანას გამოისყიდდა საკუთარი სახსრებით და აქცევდა მათ წარმატების და დასაქმების სიმბოლოდ. აქ უნდა დასაქმებულიყო 10 ათას ადამიანზე მეტი. ერთი წლის თავზე საზოგადოებისთვის ცხადია, რომ არაფერი გაკეთებულა, არც ერთი აბაზანა, არც ერთი სანატორიუმი არ გაკეთებულა. არც ერთი მათგანისთვის ხარაჩოც კი არ მიუდგამთ. თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო იმისა, რატომაა “ქართული ოცნება” ჩაფლავებული, ეს პირველ რიგში არის ქალაქი წყალტუბო. ახლა უნდა ჩქეფდეს აქ ცხოვრება, აქ უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროები, უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები და უნდა ბრუნავდეს ბევრი ფული, მაგრამ ეს ასე არაა“, – განაცხადა კანდელაკმა.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ქუთაისში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ არ შეასრულა დაპირებები, არამედ “უკვე გაკეთებული საქმე გააფუჭა”.

„ქუთაისი გახდეს კვლავ ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქი. ქუთაისი უნდა განვითარდეს წყალტუბოსთან ერთად. უნდა გამოვიყენოთ აეროპორტის სრული პოტენციალი და ეს იქნება გარდამტეხი ცვლილება ქვეყნისთვის, ისე როგოც ქუთაისისთვის და იმერეთისთვის.

ივანიშვილმა არა მხოლოდ არ შეასრულა თავისი დაპირებები, არამედ უკვე გაკეთებული საქმე გააფუჭა. პარლამენტი წაართვა ქუთაისს, აეროპორტი, რომელიც “რაინეარზე” იყო გათვლილი, სამი წლით დააკონსერვა და დღეს არათუ “რაინეარის”, არამედ “ვიზეარის” ბაზაც დახურულია და წყალტუბოს უკვე არსებული დამტკიცებული პროექტი გააჩერა. როდესაც ჩვენ, “ევროპული საქართველო” მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს, ქუთაისში “რაინეარის” ბაზის გახსნის შემდეგ ჩამოვა მილიონზე მეტი ევროპელი ტურისტი. ეს იქნება ახალი პერსპექტივა ქუთაისისთვის და წყალტუბოსთვის.

ჩვენს გუნდს აქვს გეგმა, რომლითაც ქუთაისი და წყალტუბო გახდებიან როგორც სტრასბურგი და ბადენბადენი. მსგავსი ტიპის პატარა ევროპი ლამაზი საპარლამენტო ქალაქი და სპეციალური გამაჯანსაღებელი სარეკრეაციო უნივერსალური სივრცე“, – განაცხადა კახიძემ.