გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ მენეჯერთან, ლევან კაკაბაძესთან ერთად, გუდაურში ადგილობრივ მოსახელობასა და კერძო სასტუმროების მეპატრონეებს მიმდინარე პროექტები გააცნო.
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, კომპანია გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტების ღირებულება 48 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.
პროექტის ფარგლებში, სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა; შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა; ასევე შენდება რეზერვუარი, ეწყობა ჭაბურღილები, 34 კმ-მდე საკანალიზაციო და სამ კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.
აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს გუდაურსა და მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაოების დასრულების შედეგად, საკურორტო ზონა 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.