საია: გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება მიზანშეუწონელია

1219

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების[1]პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.[2]

გვსურს, გამოვეხმაუროთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია  და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა  წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა,[3] რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე.[4]

დაჩქარებულ რეჟიმში, ყოველგვარი საგნობრივი მსჯელობისა[5] და მუნიციპალიტეტების გაერთიანების პირობებში, ადამიანური და მატერიალური საჭიროების კონკრეტული მონაცემების შესწავლის/ანალიზის გარეშე დაგეგმილმი  პროცესები, აჩენს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს. კერძოდ:

2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობას დაევალა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე გაუქმებულ და ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებში განესაზღვრა რიგი პროცედურები,[6] მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარდგინებით, გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი,[7] რომლის მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით[8] გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან და შეფასდებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების[9] შესაბამისად. შეფასების შედეგები გათვალისწინებული იქნება არჩევნების შემდგომ დაგეგმილი მობილობისას. დადგენილებით, ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის  ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მიგვაჩნია, რომ შეფასების სპეციალური დროებითი წესის შემოღება და შეფასების განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და აჩენს სუბიექტური გადაწვეტილების მიღების რისკს, რათა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით: „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.“

შესაბამისად, მობილობის განხორციელებისათვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას მიუხედავად მისი შეფასების შედეგებისა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეფასების სპეციალური დროებითი წესის დადგენა მობილობის წარმართვის წინაპირობის სახით არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეფასება სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემაში, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან და შეფასების მინიმალური სტანდარტის მიხედვით: საჯარო მოხელისათვის წლის დასაწყისში ცნობილი უნდა იყოს შეფასების თაობაზე, შეფასების კრიტერიუმები და წესი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არის დაცული.

აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან ისინი დამატებით გაივლიან შეფასებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს:

  • საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მობილობის ზოგადი წესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით და საჯარო მოხელეების შერჩევა მოხდეს კონკრეტული ფუნქციებისა და სამუშაო აღწერილობების გათვალისწინებით;
  • საჯარო დაწესებულებამ მოხელეთა შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოს ობიექტური კრიტერიუმები, როგორიცაა განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონა და ა.შ.

საია ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ახორციელებს და საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწოდებს.

 

ამავე თემაზე:

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას არჩევნებამდე გაივლიან

 


[1]თელავის, გორის, მცხეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3797704

[3] http://netgazeti.ge/news/201447/

[4] https://gyla.ge/ge/post/ngo-ebis-mimartva-saqartvelos-parlamentis-tsevrebs#sthash.eJg8Wv48.dpbs

[5] https://gyla.ge/ge/post/arasamtavrobo-organizaciata-mimartva#sthash.50aE1Zm9.dpbs

[6] დროებითი ბიუჯეტის განსაზღვრა და ქონების გადაცემის წესი

[7]   https://matsne.gov.ge/ka/document/view/3735939#DOCUMENT:1

[8] http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/69211/987-II%E1%83%A1

[9] ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან.