ფიქრია ჩიხრაძე: მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს

365

დაიწყო იმ სკოლის დირექტორების გათავისუფლება, რომლებიც არ აღმოჩნდნენ ხელისუფლების მეხოტბეები და მათ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულებიგაათავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ მოერიდნენ და თანამდებობიდან გაათავისუფლეს წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის დირექტორი.

„წარმოუდგენელი და მოუთმენელია, სკოლას ვხედავდეთ ასე ჩართულს საარჩევნო პროცესში. რაღა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, სკოლის მასწავლებლებს, როგორ უნდა ასწავლონ მათ მოსწავლეებს თავისუფლება, როდესაც თვითონ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები არ უტოვებენ ფუნდამენტურ უფლებას-არჩევანის თავისუფლებას.

მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რადგან ეს არის ზემოქმედების ინსტრუმენტი იმ უზარმაზარ არმიაზე, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებზე, რომ ისინი უპირობოდ გახდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები. და ეს ასე რომ არ არის, სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს სადამსჯელო ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.