პარტია “ქართულ არჩევანს” სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს

530

პოლიტური პარტია „ქართული არჩევანის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მარიზა ჯიქია იქნება. იგი ბორჯომიდანაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიჭე წერს. 

მარიზა ჯიქია პარტიამ ცესკოში უკვე დაარეგისტრირა. მას პოლიტიკური გამოციდლება არ აქვს. ამჯამად ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, არის პოეტი და დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში.

ამბობს, რომ მეგობრების შემოთავაზებას პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დათანხმდა, რადგან უნდა რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეიცვალოს: „ეს არის პარტია „ქართული არჩევანი“, 14 ნომერით. პარტია ჩამოყალიბდა ჯანსაღი, ინტელექტუალურად მოაზროვნე ადამიანებისგან. ჩემი სამეგობროა და უარი ვერ ვუთხარი. აქამდე სერიოზული პოლიტიკური კავშირი არავისთან მქონია. უბრალოდ არჩევნებზე ვიყავი ხოლმე დამკვირვებელი“, – ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.

მარიზა ჯიქია საკუთარ ამომრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს ვერ მართავს. ამბობს, რომ პარტიას დიდი ფინანსური რესურსი არ აქვს: „ჩვენს პარტიას თანხა არ აქვს. ეს არის მოხალისეების პარტია, რომლებსაც უნდათ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებით მიაღწიონ შედეგს, რომ ებრძოლონ მძიმე რეალობას. ამის შესაცვლელად ვიბრძვით“.

მაჟორიტარობის კანდიდატს მოსწონს და იზიარებს „ქართული არჩევანის“ მიზნებს:

„ჩვენი გეგმაა, როცა პარლამენტში შევალთ, უსახლკაროების უზრუნველყოფა შევძლოთ. გაიზარდოს პენსიები. ვფიქრობთ, რომ პენსია 700 ლარამდე იყოს. სამხედრო პენსია კი 1000 ლარამდე, ადრეც იყო სახელობითი პენსია და ამისი დამკვიდრება გვინდა. უმუშევრობის შემწეობა, ასევე მედიკამენტები, რომლებიც უნდა გაიაფდეს. საბანკო სისტემაში პროცენტები უნდა შემცირდეს და ბანკებმა ნაკლები მოგება უნდა ნახონ და ხალხზე იფიქრონ. და მთავარი – ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ღირსების განცდა, რომელიც დიდი ხანია წაგვართვეს“, – ამბობს ჯიქია.

ამბობს, რომ სურვილი აქვს ის სფეროები განავითაროს, სადაც თავად რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს: მედიცინა, განათლება და კულტურა.

მარიზა ჯიქია ერთ-ერთია იმ 14 მაჟრიტარობის კანდიდატს შორის, რომლებიც ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში არიან რეგისტრირებული.