დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლების მოსახლეობისთვის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

431

დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლების მოსახლეობისთვის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანია დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემების უდიდესი ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა წვერმაღალას, წერეთლის, სანერგესა და მე-13 ქუჩის მაცხოვრებლები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ წყლის ცენტრალიზებული სისტემით.

ამასთან, პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 1 200 -მდე ადამიანი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და კანალიზაციის გამართული სისტემით ისარგებლებს.

გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად 18 თვე ექნება.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.