ბოკერია: “იმედი” არ უშვებს რეკლამას, სადაც სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ ვუჭერთ

569

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის და ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით,ტელეკომპანია იმედი უკვე ორი კვირაა “ევროპული საქართველოს” რეკლამას ეთერში არ უშვებს, სადაც წარმოჩენილია ორი მკაფიო გზავნილი, რომ პარტია “ქართულ ოცნებას” არც ერთ სიტუაციაში კოალიციას არ შეუკრავს და მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ტაბულა წერს. 

ბოკერიას თქმით, ეს ფაქტი ტელეკომპანია იმედის მხრიდან კანონის დარღვევაა.

“უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია იმედი, რომლის პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, თანხვედრაშია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს ჩვენი -“ევროპული საქართველოს” კლიპის გაშვებაზე ეთერში, ვიმეორებ, კანონის სრული დარღვევით. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას “ქართულ ოცნებას” არც ერთ შემთხვევაში და არ დავუჭერთ მხარს სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას.

არგუმენტები გვაქვს რატომ – იმიტომ რომ, ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან 2012 წლამდე ვითარებაში, როდესაც ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა და არც ერთი არ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას”, –თქვა გიგა ბოკერიამ.

“ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნოდ რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთსაა შედარებული და ნეგატიურად არიან წარმოდგენილები. ვიდეორგოლი გადის ტელეკომპანიების – რუსთავი 2-ის, პირველისა და მთავარის ეთერებში.

პარალელურად, პარტიამ ხელი მოაწერა ვალდებულებას ამომრჩეველთან, რომლის მიხედვითაც, “ევროპული საქართველო”, არც “ქართულ ოცნებას” შეუკრავს კოალიციას და არც მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე.