საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის შესწორებული საბუთების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა ხვალ იწურება

830

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ მერობის კანდიდატის შესწორებული საბუთების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა ხვალ იწურება.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია აღნიშნული.

გრაფიკის თანახმად, შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში წყდება.

გარდა ამისა, ხვალ იწურება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის შესწორებული საბუთების შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადაც. ცესკოს ინფორმაციით, შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში წყდება.

გარდა ამისა, ხვალვე, ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს.

ამავე ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო, თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით).

„შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.

რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე.

თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს“, – არჩევნების აღნიშნულია ღონისძიებათა გრაფიკში.

წყარო: ინტერპრესნიუსი