“ლელოს” ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი წევრების მიმართ ხშირია თავდასხმები, რაც ყოველგვარს ზღვარს სცდება. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა ამის მიზეზი ის იყოს, რომ ხელისუფლება არჩევნებში მთავარ საფრთხედ და მეტოქედ “ლელოს” განიხილავს.
“ოპოზიციურ პარტიებს შორის კონკურენცია არის, რაც ნორმალური მოვლენაა. ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით ერთზე, რომ დღეს პირველი პრობლემა არის “ქართული ოცნება”, როგორც ხელისუფლება და ის უნდა დამარცხდეს. რაც შეეხება დანარჩენ პროცესებს, ეს ნორმალური კონკურენციაა, რა თქმა უნდა, ის ზღვარს არ უნდა გადასცდეს. სამწუხაროდ, სცდება ზღვარს ლანძღვა-გინება, “ლელოს” მიმართ თავდასხმები რეგულარულია. უნდა გითხრათ, რომ “ლელოს” წევრებზე და ჩვენს მიმართ თავდასხმები არის ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტიის მიმართ. ეს მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, “ლელო” წარმოადგენს საფრთხეს “ქართული ოცნებისთვის”, როგორც ოპოზიციური ძალა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და რომელიც აუცილებლად შეძლებს, რომ დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა არჩევნების შემდეგ”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.