“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება” ღია, ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს “ლელოს”, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღდეგ. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული სტატისტიკაც კი ადასტურებს, რომ მთავარი ობიექტი, რომელსაც „ქართული ოცნება” ებრძვის, პარტია – „ლელოა”.
„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება” ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს “ლელოს”, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადახვა რეგიონში სამი ფაქტი დაფიქსირდა. ქობულეთში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც „ლელოს” წარმომადგენელზე, ღია მუქარა განხორციელდა ადგილობრივი ზონდერის მხრიდან ჩვენი გუნდის წევრზე სამეგრელოში. გახშირებულია ტენდენცია, როდესაც “ლელოს” საარჩევნო პლაკატებზე საკუთარ პლაკატებს აკრავენ, რადგან მათ ეშინიათ ნათელი სახეებისა და ნათელი ფერის. ყველა ეს შემთხვევა არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, რაც მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი, დაშინებასა და მუქარაზე ორიენტირებული კამპანია. თითოეული „ლელოელი”, რომელსაც დაემუქრებით, მთელი გუნდის მიერ იქნება დაცული. არ შევეგუებით ჩვენი არცერთი წევრისა და მხარდამჭერის დაშინებას”, -აცხადებს ნაცვლიშვილი.
„ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უკანონო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისგან.
„კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ნუ შეასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთას. სულ რამდენიმე დღე რჩება და გაუფრთხილდით საკუთარ და პროფესიულ ღირსებას, ნუ გადააყოლებთ “ქართული ოცნების” ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს და მის ინტერესებს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.