ხობის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

346

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოწყობილია ეზოთი და სათამაშო მოედნებით. სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 60 ბავშვზე.

საბავშვო ბაღის გახსნა ადგილობრივებს მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხახუბიამ, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელმა გიგა კობიაშვილმა, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა გიორგი გამსახურდიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ამასთან, როგორც „ქართუს“ წარმომადგენელმა გიგა კობიაშვილმა განაცხადა, საბავშვო ბაღი ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით აშენდა, რომლის მთლიანი ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია. მისივე თქმით, გარდა საბავშვო ბაღისა, ფონდი „ქართუ“ სოფელ ძველ ხიბულაში 4 მლნ ლარის პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთი არის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი, ასევე სკვერი, სამონასტრო კომპლექსი და სოფლის გზა.