არჩევნები ახლოვდება და შეიძლება ბევრი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გვირაბის პროექტი არ არის განხორციელებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოტანიკურ ბაღში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება გვირაბები და არც გასაქცევად აქვს საქმე.
“დღეს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტი მიიღო საჩუქრად მუნიციპალიტეტმა, ეს არის წავკისის წყლის ხეობაში განხორციელებული სამუშაოები, სადაც კეთილმოეწყო დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის სასეირნო ბიკილიკი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ელექტროსკუტერით, ველოსიპედით ან ფეხით გაისეირნონ ამ ულამაზეს ხეობაში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ფონდ „ქართუს“, მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მაგარი პროექტისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს გადაეცა საჩუქრად. მახსოვს, პირველად რომ ვნახე ეს ტერიტორია, იყო გაუბედურებული, ფიზიკურად გავლა ვერ ხერხდებოდა, რადგან სამშენებლო ნაგვით, საბურავებით გადაჭედილი იყო.
დღეს გვაქვს მოწესრიგებული, ძალიან მაგარი სივრცე და ამ ყველაფრის ფონზე, ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც გვირაბის პროექტი განხორციელდა.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ არ გვიკვირს მსგავსი სიცრუის ტირაჟირება, არჩევნები ახლოვდება და შეიძლება ბევრი უარესი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გვირაბის პროექტი არ არის განხორციელებული. ეს არის დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე. რეალურად განხორციელდა მაგარი პროექტი.
გვირაბები და გასაქცევად საქმე ვისაც ჰქონდა, ეს იმათ მოიკითხონ. ჩვენ არანაირად არ გვჭირდება არც გვირაბები და არც გასაქცევად გვაქვს საქმე. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარმა” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თაბორის მთაზე საიდუმლო გვირაბებს თხრის. მათივე ინფორმაციით, ეს არის მიწისქვეშა გასასვლელები, რომელიც მკაცრადაა გასაიდუმლოებული და რომლის შესახებაც საპროექტო დოკუმენეტებში არაფერი იძებნება.