ხაზარაძე: თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

533

დღეს, თელავში, “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ.

“ლელოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს.

თელავში “ლელოს” წინასაარჩევნო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს და სამი დღის წინ, საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს პასუხი, რომ მათი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

“არ შეიძლება, გაჩერებული ქვეყანა ავიტანოთ, უნდა ავამოქმედოთ მისი პოტენციალი – ინტელექტუალური ძალა და მშრომელი ადამიანი. არ შეიძლება, ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მომავალი კაპიკებად. ის დუხჭირი ქვეყანა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოუტანა ჩვენს ქვეყანას უნდა შევცვალოთ. უმუშევრობა და სიღატაკე – ეს არის შიდა ომი და სწორედ ამ ომში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი “ლელოსთან” ერთად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით კი თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე”, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეხვედრისას პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

“გვიახლოვდება არჩევნები – დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ამ დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ნამდვილი აღმშენებლობა. ამ დღიდან უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, რომ მოვიდნენ პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც დაიწყებენ და შეინარჩუნებენ ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს. “ლელო” თავისი გუნდით, ადამიანებით, ნამდვილად პროფესიონალები არიან, მზადაა, ქვეყნის და ხალხის სამსახურში ჩადგეს,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ თავისი ოლქის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და მათ შეხვედრაზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება “ლელოში” მის გაწევრიანებას, ტალახაძის თქმით, გუნდთან მისი იდეოლოგია საერთოა და პარტიასთან ერთად რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძოლებს.

“ლელო” არის პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებულია პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ადამიანები. მათთან ჩემი იდეოლოგიის თანხვედრის გამო შევუერთდი გუნდს. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი არის სწორი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ბიზნესში ვიყავი, მეგონა, საქვეყნო საქმეს ვაკეთებდი, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” 8 წელი გააჩერა ქვეყანა და მე მინდა, ეს “ლელოსთან” ერთად შეცვალო” , – განაცხადა ტალახაძემ.