კალაძე: ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია – ყველამ, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი

273

ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ, თანაბარ პირობებში ჩატარდეს, სადაც კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ “ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია“.

“ძალადობა, დაპირისპირება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევას უნდა მოჰყვეს. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში ჩვენ ვიხილეთ ფიზიკური დაპირისპირება, ჟურნალისტზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ადამიანმა, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მინდა მოვუწოდო ყველას – არა აქვს მნიშვნელობა, არიან ჩვენი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ასეთი ქმედებებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ეს არსებულ საარჩევნო გარემოს ყველანაირად აზიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.