ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაციისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

369

ბათუმი-ახალციხის გზის, ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულებისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

42 კმ-იანი გზის, კონკრეტულად ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია, 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. მისი ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო“ აგვისტოში გამოვლინდა, მასთან ხელშეკრულება კი ახლა გაფორმდა.

ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი ჯამში 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. 47 კილომეტრიდან ხუთზე უკვე მიმდინარეობს საუშაოები. დანარჩენ 42 კილომეტრს რეაბილიტაციას კომპანია „სინოჰიდრო“ ჩაუტარებს.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.