ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკის შექმნასა და არსებული ბილიკების ქსელის რეაბილიტაციას ახდენს.
ბილიკების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.
„37 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო სტანდარტის ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. ბილიკის მოსაწყობად 350 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები, მოეწყობა ეკოტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილში, ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება იმოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ქართული ბუნება“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ.
უწყების ცნობით, ახალ წრიულ ბილიკზე მოგზაურობა აბასთუმნის სარეინჯეროდან დაიწყება, გადაინაცვლებს მთა დიდმაღალზე და მთა ნასაბაჯვარს გადაკვეთს. საშუალო სირთულის, 37 კილომეტრიან ბილიკზე მოგზაურობა როგორც ფეხით, ისე ცხენით იქნება შესაძლებელი