მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, დააფიქსირონ წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო, – ამის შესახებ “ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ განაცხადა.
პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, “ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას და ოლქის სხვა წევრებს სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, სუს-ის განცხადებაში ნახსენებია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადება თითქოსდა სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო განცხადებას იმ ავტომობილის მონაცემები დაურთეს, რომელიც „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის მიერ თვალთვალში შემჩნეული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია – SZ-303-SZ. გალდავას თქმით, მათ გაასაჯაროვეს და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა. მისი თქმით, საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე.
ლანა გალდავას თქმით, ამ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანქანა ნამდვილად მათ ეკუთვნით და საშვი გაცემულია მათ მიერ.
„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მოვითხოვ გუშინდელი ყველა შემთხვევის ყველა ვიდეოზე დაფიქსირებული სახეების იდენტიფიცირებას, არა მხოლოდ ვაზისუბანში, არამედ მეტრომშენის დასახლებაშიც. თუ მანქანა ეკუთვნის სუს-ის თანამშრომელს და მართავს სხვა პირი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, როდესაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ მიმდინარეობს ყოველდღიური დევნა. კერძოდ, მათ პერსონალური მონაცემები იძულებით ჩამოართვეს ჩემი შტაბის წევრებს და ჩემს ოფიციალურ წარმომადგენელს საოლქო-საარჩევნო კომისიაში. მივმართავ სუს-ს: თქვენი თანამშრომლები თუ მათი ოჯახის წევრები ქუჩებში შეიარაღებული გადაადგილდებით, ეს არის პრობლემა და მოვითხოვ ყველა ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ასევე, მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, დააფიქსირონ წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო ”, – აცხადებს გალდავა.
ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.