ჯანო ქინქლაძემ, ნიკოლოზ ვადაჭკორიამ, ავთანდილ სარჯველაძემ, თამარ დუმბაძემ “ქართული ოცნება” ღიად დატოვეს და “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანს” შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც აღნიშნული პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით “სოლიდარობის ალიანს” ბევრი ადამიანი უერთდება. პირველი მმართველი პარტიიდან ვინც პარტია დატოვა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ესებუა იყო და ეს პროცესი გრძელდება.
მარიამ ჯაშმა ასევე ისაუბრა მათი პარტიის წევრების დაშინებაზე და ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.
„ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი ტოვებს მმართველ პარტიას და „სოლიდარობის ალიანსს“ უერთდება, თუმცა, ბევრი მათგანი ამის საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებს. პირველი, ვინც „ოცნება“ დატოვა და ჩვენს რიგებს შემოუერთდა, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა იყო, პროცესი კვლავ გრძელდება,“- თქვა მარიამ ჯაშმა.