აბაშის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

409

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 003 ლარით ფინანსდება, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალტერნატიულ ფართობში, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

,,2013 წლიდან დღემდე აბაშის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 45 პროექტი. სკოლები აღიჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებულია მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა. 22 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.