ჩვენი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წარიმართოს არჩევნები და ვცდილობთ ეს გავაკეთოთ, თუმცა, საარჩევნო შტაბის 30 000 თანამშრომელია რეგიონების მიხედვით, ვიღაცას შეიძლება უმტყუნა ნერვებმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მან განმარტა, ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება რეალურად ძალადობის პრევენციისთვის გაკეთდა, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს, თუმცა ამას ხელს ოპონენტები უშლიან.
“ძალიან მარტივია და არ სჭირდება ამას დიდი გამოძიების ჩატარება – “ქართული ოცნების” ოფისის წინ მოხდა ეს ძალადობის შემთხვევები, მოდიან და “ქართული ოცნების” ოფისის წინ ახდენენ ძალადობის პროვოცირებას. ორი შემთხვევა იყო როცა მოხდა ჩხუბი, რასაც მოჰყვა დაზიანება და შემდეგ იყო ანგარიშსწროება “ქართული ოცნების” საარჩევნო ექსპერტზე.
სამწუხარო რეალობაა, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ მოხდა პროვოკაციის თავიდან არიდება და მოხდა ჩხუბი, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი – გამოძიების დაწყება და დაკავებული პირები. ჩვენი, არა მხოლოდ ჩვენი, ყველას მოლოდინი არის რომ ეს ქმედებები კიდევ შეიძლება გაიზარდოს, როცა არჩევნები მოახლოვდება, რადგან ოპოზიციაში იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია. ჩვენი ვალდებულებაა და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად წარიმართოს არჩევნები და ვცდილობთ ეს გავაკეთოთ, თუმცა, საარჩევნო შტაბის 30 000 თანამშრომელია რეგიონების მიხედვით, ვიღაცას შეიძლება უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას განეკუთვნება, ძალადობის შემთხვევაში პასუხს აგებს,”- განაცხადა კუჭავამ.
შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას.