იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების და ადგილობრივი თვითმმართველობების მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა.
“კოვიდ-19”-ის გამოვლენიდან მის ბოლო ეტაპამდე არსებულ ციკლში თითოეული ჩვენგანი 24 საათის განმავლობაში უნდა ვიყოთ ჩართული. ყოველდღე ყველა მუნიციპალიტეტში მერმა და ამ მიმართულებით მომუშავე პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ინფიცირებულთა რაოდენობა და ვინაობა, ბოლომდე უნდა მიყვნენ დაავადებულთა კონტაქტებს. ასევე, საჭიროა ოჯახისა და სოფლის ექიმების მაქსიმალური მობილიზება, ისინი დღეში ხუთჯერ მაინც ურეკავდნენ პაციენტებს, რათა სრულად შეძლონ სიტუაციის კონტროლი. ამ ეტაპზე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ გვაქვს არცერთი შეცდომის დაშვების უფლება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მოუწოდა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში მოხდეს გაცილებით მეტი ადამიანური რესურსის მობილიზება, გაიზარდოს იმ თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც გადამზადდებიან შესაბამისი პირების მიერ და კორონავირუსის წინააღმდეგ ეპიდემიოლოგებთან ერთად იმუშავებენ.
დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კოტე გვეტაძემ, მხარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს მთავრობის ახალი დადგენილება და რეგულაციები გააცნო, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად მკაცრდება სამედიცინო პერსონალის ტესტირების პროცესი, ასევე უნდა მოხდეს პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების სრული ინვენტარიზაცია.
“უნდა განხორციელდეს პროაქტიური ქმედებები, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს, რომ მზად ვიყოთ უარესი სცენარისთვის და მოვახდინოთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება“, – აღნიშნა კოტე გვეტაძემ.