ხაშურის-შემოვლითი გზის 13 კმ-იან მონაკვეთზე, 4-ზოლიან გზაზე მოძრაობა სრულად გაიხსნა

407

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოში გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 – ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი 2- ზოლიან გზაზე მოძრაობდა.

მათივე ინფორმაციით, 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არსებული ხიდის მშენებლობა უკვე დასრულდა და 13-ვე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 ზოლიან გზაზე სრულად გაიხსნა.

„ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.