მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შევიდა

709

საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ (რამსარის) კონვენციის სამდივნომ მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა. ორი ახალი ”რამსარის ტერიტორია” მნიშვნელოვანია რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის და განსაკუთრებით ფრინველებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტბებს მიგრაციის დროს იყენებენ. კერძოდ, ტბები მდებარეობს აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზე. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია 19-მდე ენდემურ მცენარეთა სახეობა და იგი მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი ფრინველთა სახეობებისთვის მათი მიგრაციისა და გამრავლების პერიოდში. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კლდოვანი კუნძული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია სხვადასხვა წყლის ფრინველებისთვის, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწიასთვის (Vanellus gregarius) და ეროვნულ დონეზე მოწყვლადი ვარდისფერი ვარხვისთვის (Pelecanus onocrotalus). ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი წითელი იხვისთვის (Tadorna ferruginea) რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.

მადათაფას ტბა მნიშვნელოვანია 200 – ზე მეტი ფრინველის სახეობისთვის, რომელთაგან მრავალს საფრთხე ემუქრება, ასეთებია: გარიელი (Melanitta fusca), ველის პრანწია (Vanellus gregarius), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus) და წითელთავა ყვინთია (Aythya ferina). ტბა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი რუხი წეროსთვის (Grus grus), რომე
ლიც მადათაფას ტბაზე საერთაშორისო მნიშვნელობის რაოდენობით გვხვდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ტბებს ფრინველებზე დაკვირვებისათვის პოპულარულ ადგილად აქცევს.

ამჯერად საქართველოში 4 რამსარის ტერიტორიაა: ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები, ისპანის ტორფნარები, მადატაფას და ბუღდაშენის ტბები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს – ნაკრესს, ჯავახეთის ტბების საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეტანისათვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.