თენგიზ შერგელაშვილი: “ქართული ოცნების“ ლიდერი ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის და არც 10 წლის განმავლობაში იქნება

918

“ქართული ოცნების“ ლიდერი პრაქტიკულად ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის და არც მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა „შენების მოძრაობიდან’’ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა. „შენების მოძრაობის’’ თბილისის მერობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთ-ერთ რეგიონში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება მომავალი 10 წლის განმავლობაში, რაც თითქოს მუნიციპალიტეტების ფინანსურ გაძლიერებაზე მიგვანიშნებს. არადა, თვითმმართველობების დაფინანსება ქვეყანაში ისედაც ბიუჯეტის ზრდის პარალელურად იზრდება. თუმცა, დაფინანსების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს აისახება მუნიციპალიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, რის გარეშეც შეუძლებელია ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის ყოფითი გარემოს არსებითი გაუმჯობესება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის დაფინანსება გასული 8 წლის განმავლობაშიც გაორმაგდა.

2009 წელს მათი ჯამური ხარჯები შეადგენდა 1,103 მლნ ლარს, რაც 2016 წელს 2,105 მლნ ლარამდე გაიზარდა მნიშნელოვანია, რომ წილის ზრდა არ დაფიქსირებულა მშპ-სთან მიმართებაში, რაც მაჩვენებელია იმისა, რეალურად გაუმჯობესდა თუ არა მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობა. 2009 წელს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯები მშპ-ს 6,1% იყო, ხოლო 2016 წელს – 6,2%. ანუ ფაქტობრივად იგივე დარჩა.

აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის დაპირება, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტი გაორმაგდება 10 წელიწადში, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ბატონი კვირიკაშვილი გვპირდება არათუ ზრდას, არამედ შემცირებას. გასული 8 წლის განმავლობაში, თვითმმართველობის დაფინანსება უკვე გაორმაგდა და ანალოგიურ ზრდას მომავალი 10 წლის განმავლობაში ისედაც უნდა ველოდოთ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი განცხადებები არანაირ გათვლებს არ ემყარება და ორიენტირებულია მხოლოდ ფასადურად შთაბეჭდილებების მოხდენაზე.

ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აქტიურად ვიბრძოლებთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მუნიციპალურ ბიუჯეტებს 5 წელიწადში გააორმაგებს და ასევე გაიზრდება მისი წილი საერთო საბიუჯეტო სახსრებში. მაგ: მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში უნდა დარჩეს დაქირავებით მომუშავეთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 30% და კანონმდებლობაში უნდა დაფიქსირდეს გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართება მშპ-სთან’’, – ნათქვამია ’’შენების მოძრაობის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი