მწვანე ალტერნატივა: საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა

803

საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივას” განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს.

მომდევნო დღეს, 2020 წლის 7 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება”.

თბილისის მერიის ქმედებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი; ასევე, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას. ეს, კი, ნიშნავს, რომ:

  • თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება);
  • სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);
  • სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას. მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის[1] მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები“, – ნათქვამია “მწვანე ალტერნატივას” განცხადებაში.