იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განაშენიანება 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება

1066

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განსათავსებლად შესაბამისი სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები.

„დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლი წლების განმავლობაში და ჩვენ ამ ტენდენციას ვაგრძელებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, სადაც ადამიანებს არ ექნებათ ჯანმრთელობის სახით ის პრობლემები, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით არის გამოწვეული.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს და უშუალოდ სამუშაოებს, მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, რომ 19 ოქტომბერს იწყება უშუალოდ სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით 2 წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის დასრულებას და ეტაპობრივად ყოველთვის მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით მიმდინარეობს სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური პარკი იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.